ბექა დავითულიანი - ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს, მინდა, ობიექტური იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ სადაც გაჩნდა ვაკუუმი, სახალხო დამცველმა შეავსო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, პენიტენციური სისტემის შესაფასებელია, სახალხო დამცველის მიერ წარადგენილი ექიმების დასკვნას დაეყრდნობა, თუ მე-18 სამკურნალო დაწესებულების ექიმების გამოცდილებას და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.
„მე არ ვარ ის პირი, რომელმაც უნდა შევაფასო, რომელს უფრო მეტი გამოცდილება აქვს. ვაზროვნებ ლოგიკურად და ვფიქრობ, რომ როცა უწყებას ნამართი აქვს 2 000- ზე მეტი შიმშილობის შემთხვევა, ე.ი. ამ უწყებას აქვს შიმშილობის მართვის გამოცდილება და სხვაზე მეტი. მაგრამ, თუ პენიტენციური სისტემა იფიქრებს, რომ პაციენტისთვის უმჯობესია, სხვანაირად მოიქცეს, ეს მისი გადასაწყვეტია. ვინაიდან, პასუხისმგებლობა აქვს ერთ უწყებას, ის ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ ამ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველს არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეფასება წარმოადგინოს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინოს“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
ბექა დავითულიანი არ გამორიცხავს, რომ სახალხო დამცველის მანდატით მოქმედ ექიმებს სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მათი დასკვნა არასწორია.
„არ ვიცი, ექიმების კონსილიუმი სუბიექტური არის თუ არა, თუმცა იქ მყოფი ადამიანების სტატუსები რომ წამაკითხეს, მივხვდი, რომ შეიძლება, მათ სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ, თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი დასკვნა დაწერეს. პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით – როცა მოშიმშილე იწყებს შიმშილობას გამათავისუფლეთ, თორემ ვიშიმშილებო, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და მეორეა იმ უწყების პასუხისმგებლობა, სადაც განთავსებულია ეს პატიმარი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რას ნიშნავს? რომ გამოვიდე, თავი მოვიკლა და სახელმწიფოს ვუთხრა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაკისრია, რადგან გამოვაცხადე, თავს ვიკლავ და ვერ დამიცავი, სწორი იქნება? ყველამ უნდა მოვუწოდოთ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ვის ინტერესშიც არის, რომ მას არაფერი დაემართოს. მართლა ძალიან მინდა, არაფერი დაემართოს, რადგან პროცესი ძალიან ცუდად მიდის და მისი ჯანმრთელობის პოლიტიკურ ინტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ.
პენიტენციური დაწესებულება ამბობს, რომ მას სერვისს აწვდის და გამკლავება შეუძლია, კონსილიუმი ამბობს, არ შეუძლია, გადაწყვეტილება პენიტენციურმა უნდა მიიღოს. მთელი ეს პროცესი არის პოლიტიზებული, სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოიყენება ინსტრუმენტად ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და აქ ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ მხარეებს. ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს, ის ამ მოძრაობასა და პროცესში უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს. ასე ვხედავ, თუმცა შეიძლება, ვცდებოდე. დაისვა თუ არა კითხვა, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რატომ უნდა მოხდეს პატიმარ სააკაშვილის გადაყვანა? დაასახელეთ ერთი სერვისი, რომელსაც პენიტენციური სისტემა ვერ აწვდის პატიმარს. პასუხის გასაცემად შეიკრიბა ლომჯარიას მხრიდან რაღაც ჯგუფი, ღმერთმა ქნას, ობიექტური იყოს ეს დასკვნა და მინდა, ობიექტური იყოს სახალხო დამცველი, მაგრამ ფაქტია, რომ სადაც გაჩნდა ვაკუუმი, სახალხო დამცველმა შეავსო“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.