ბექა დავითულიანი - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად დაშლის პირასაა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის თვითდესტრუქციულ რეჟიმში
ბექა დავითულიანი - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად დაშლის პირასაა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის თვითდესტრუქციულ რეჟიმში

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად დაშლის პირას არის, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის თვითდესტრუქციულ რეჟიმში, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტია „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესები.

დავითულიანის თქმით, აღნიშნული პარტიის ლიდერებმა საჯარო განცხადებებით დაადასტურეს, რომ მათ მეტი ამბიცია ჰქონდათ, ვიდრე ხალხის მხარდაჭერა, რაც არჩევნების შედეგებში გამოჩნდა.

„ძალიან ბუნებრივია იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ. სამწუხაროდ, ხანდახან პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი ამბიცია აქვთ, ვიდრე შესაძლებლობები და მხარდაჭერა ხალხში. ეს ყველაფერი დაადასტურა ამ არჩევნებმა, რომლის შედეგებიც „ევროპული საქართველოდან“ წასულმა ლიდერებმა პრაქტიკულად დაადასტურეს საჯარო განცხადებებით.

ოპოზიციური სპექტრი, სამწუხაროდ, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც აზიანებს მათ და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მათ ეს გზა აირჩიეს და ამის შედეგებს იმკიან. გადახედეთ ოპოზიური სპექტრს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად დაშლის პირას არის, ყველას აქვს კადრების გადინება და ეს მათი არჩევანია. როდესაც ამხელა ნაბიჯს დგამ დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ, ამას მოჰყვება შედეგები, რომელიც თვითდესტრუქციულიც იქნებოდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის თვითდესტრუქციულ რეჟიმში გადასული.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავად აირჩიეს მთავარ ოპოზიციურ პლატფორმად სააკაშვილის ჯგუფი, შესაბამისად, ახლა მისი მავნე ზეგავლენა ქართულ პოლიტიკაზე ცხადია, მათზეც გავრცელდება“, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას, დავით ბაქრაძე კი პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მას პარტიული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.