ბექა დავითულიანი - საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე ოპოზიცია უარს ამბობს, რადგან ზუსტად იცის, არჩევნები არ გაყალბებულა და ვერაფერს დაადასტურებენ
ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ვერაფერს დაადასტურებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციას სთავაზობენ, რომ ბატონებო, ხომ აცხადებთ, რომ არჩევნები გაყალბდა, მობრძანდით, ნუ დატოვებთ კომისიას თუნდაც მხოლოდ ჩვენს ხელში. მობრძანდით და რასაც სამი თვე აცხადებთ, ერთი რამე მაინც დაადასტურეთ. ისინი ამაზე უარს ამბობენ უმარტივესი მიზეზით – ზუსტად იციან, რომ არ გაყალბებულა და ვერფერს ვერ დაადასტურებენ, სხვა მიზეზი მათ არ გააჩნიათ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება. დადგენილების პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგების შესწავლას სთავაზობს და პირობას დებს, რომ კომისიის მიერ ერთპროცენტიანი გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.