ბექა დავითულიანი - არ ვიცი, ნიკა მელია და ოპოზიცია რაზე ოცნებობენ, მაგრამ არჩევნები 2024 წელს არის და მოემზადონ
ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ფუსტრირებულია, რის გამოც შემდეგ ახალ, რაღაც დესტრუქციულ, კანონიდან გასულ სცენარებს იგონებს. ყოველი საარჩევნო მარცხის შემდეგ საუბარს იწყებენ ვადამდელ არჩევნებზე, შემდეგ კანონით განსაზღვრული არჩევნები მოდის, ისევ მარცხდებიან და მეორე დღიდან ისევ ახალ არჩევნებზე საუბრობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, არჩევნები 2024 წელს იქნება და „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენ ხმას მიიღებს, „რასაც იმსახურებს და არა იმდენს, რომ ხელისუფლება შეცვალოს.
„რისი მობილიზებაც უნდათ, გააკეთონ. საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და ამ პოლიტიკურ ჟუნგლიორობის გამო ისევ ისეთ ხმებს მიიღებენ, როგორც აქამდე. მათი პოლიტიკური აკრობატობა ასე დასრულდება. სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ. ამ ნების ინსტრუმენტად განიხილავენ საერთაშორისო კოალიციური ბლოკის შექმნას, რაც იქნება მათი მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო. ეს არასოდეს გამოსდით და ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მოიმხრო უცხოეთში პოლიტიკა და იმის იმედი გქონდეს, რომ დემოკრატიაში ასე იმუშავებ, ეს არის კოლონიალისტური აზროვნება, როცა ამომრჩეველს კი არ არწმუნებ, არამედ იმედი გაქვს უცხოელი პოლიტიკოსის, რომ ის სხვაგვარი ზეწოლით შეძლებს, გვერდი ხალხის ნებას აუარონ. უნდა გაიგონ, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს. არ ვიცი, ნიკა მელია და ოპოზიცია რაზე ფიქრობენ და რაზე ოცნებობენ, მაგრამ არჩევნები 2024 წელს არის და მოემზადონ. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში იმდენ ხმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, ანუ, ცოტას და არა იმდენს, რომ ხელისუფლება შეცვალოს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.