ბექა დავითულიანი - ანაკლიის პორტში ჩინურ ინვესტიციას ვინც ეწინააღმდეგება, ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან წახნაგებს ებრძვის
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, ანაკლიის პორტი და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გლობალური პოლიტიკის ნაწილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციის ჩადება ერთადერთი მიმართულებაა, რაც იცავს პორტს, ქვეყნის ინტერესებს ახალი კონფლიქტის გამოწვევისგან.
„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, ანაკლიის პორტიც და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოს შიდა პოლიტიკა რომ გვგონია, ხშირად არის გლობალური პოლიტიკის ნაწილი. გლობალური პოლიტიკის ნაწილია ანაკლიის პორტიც. საქართველოს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ თქვას, ვთანამშრომლობ ამასთან და მორჩა. ისეთ გეოგრაფიაში ვცხოვრობთ, სადაც რაღაც ინტერესების ბალანსი და ამით სახელმწიფოს გაძლიერება გვიწევს. ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიცია ერთადერთი მიმართულებაა, რაც იცავს ანაკლიის პორტს, ასევე ჩვენს ინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და, როგორც მინიმუმ, ახალი კონფლიქტის არგამოწვევის. ყველა ფიქრობდა ანაკლიის პორტის აშენებას ჩინური ტვირთისთვის და ჩინური კომპანიის ინვესტიციის გარეშე ჩინური ტვირთი როგორ უნდა მოგეზიდა? ეს არის სწორი და ვინც მას ებრძვის, ებრძვის არა ჩინურ ინვესტიციას, არამედ ამ ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან წახნაგებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.