ბექა დავითულიანი - თემურ ალასანიას ვერ მოვთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, რამის გამომჩენი თუ იყო, აქამდე გამოიჩენდა
აფხაზეთსა და ოსეთზე როცა ვსაუბრობთ, იმდენად სენსიტიური თემაა, ყველამ უნდა დააძალოს საკუთარ თავს, მეტი იფიქროს, ვიდრე მკვახე, მძიმე განცხადებებს გააკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.
„თემურ ალასანიას ალბათ ვერ მოვთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. რამის გამომჩენი თუ იყო, აქამდე გამოიჩენდა, მაგრამ როდესაც აფხაზეთსა და ოსეთზე ვსაუბრობთ, ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ყველამ უნდა დააძალოს საკუთარ თავს, მეტი იფიქროს, ვიდრე ასეთ მკვახე, მძიმე განცხადებებს გააკეთებს. ერთი მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ რა სისულელეა, ომი ვის უნდოდა, მეორე მხრივ, ამბობენ, ომის გარეშე ვერ დავიბრუნებთო. იქით მხარეს ხალხი გვისმენს და ვიღაცის მხრიდან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული ყოველი ასეთი სულელური განცხადება ძალიან მწვავედ არის აღქმული. თვალს ვადევნებ ხოლმე მათ მედიებს და ასეთ სისულელეზე ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა. იქ არავინ იცის, რომ, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში თემურ ალასანიას არავინ არაფერს ეკითხება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.