ბექა დავითულიანი - სადაც შენს თავს ურჩევნიათ სხვა და ის სხვა არის ლევან ხაბეიშვილი, იქ გაჩერებას აზრი არ აქვს
ნიკა მელიას გადასაწყვეტია, მაგრამ ადამიანს, ჩემი აზრით, თუ რაღაც ოდნავი ღირსება, თავმოყვარეობა გაქვს, ასეთი წაგების შემდეგ ლევან ხაბეიშვილთან არ უნდა დაგედგომებოდეს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„სადაც შენს თავს ურჩევნიათ სხვა და ის სხვა არის ლევან ხაბეიშვილი, ჩემი აზრით, იქ გაჩერებას აზრი არ აქვს. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. სიმართლე გითხრათ, ნიკა მელიასაც რომ გაემარჯვა ამ პარტიაში, კარგი დღე მაინც არ დაადგებოდათ, რადგან მათი ბედი დიდი ხანია, უკვე გადაწყვეტილია. ახლა, უბრალოდ, შიგნით მცირე რესურს ჭამენ, რაც აქვთ დარჩენილი საკუთარ თავში. აი, როგორც სიმსივნე ორგანიზმს შიგნიდან ჭამს, დაახლოებით იმავეს უკეთებენ ამ პარტიის წევრები თავის პარტიას, რაც სწორია. იმიტომ, რომ როცა ვერ ამბობ უარს ვანო მერაბიშვილზე, ვერ ამბობ უარს დავით კეზერაშვილზე, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თარიღს ამთხვევ შენს არჩევნებს და ამაზე არც კი გიფიქრია და ერთი ბოდიში არც ერთხელ არცერთი შენი რეჟიმის მიერ მოკლული ადამიანის ოჯახისთვის არ მოგიხდია, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ბუნების კანონებს ვერაფერი ვერ შეცვლის. ბუნების კანონია და ძალიან სწორია, რომ ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. ამის შედეგი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულებს სამარცხვინოდ თავის მოღვაწეობას ამ ქვეყანაში. რაც ამ ქვეყნისთვის ცუდი არ არის, თორემ სხვანაირად რომ მეგონოს, ნამდვილად არ ვუსურვებდი ასეთ პერსპექტივას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.