ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და მოგება ესპანეთის ოქროს ლიგაში #1TVSPORT
ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა LEB Gold-ში თავი გამოიჩინა ბექა ბურჯანაძემ. „ლეიმა კორუნას“ ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე ტურნირში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. ბურჯანაძის გუნდმა „მელილას“ უმასპინძლა და 97:82 დაამარცხა, ბექა კი ერთადერთი იყო, ვინაც 2 სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვით გამოსახა.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 20:07 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბექამ 4-დან ერთი ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ლეიმა კორუნას“ 23 ქულით რაფაელ ბარუეტამ ულიდერა, თუმცა სარგებლიანობით საუკეთესო ბურჯანაძე იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც ქართველს გადასცეს.
13 მოგებითა და 4 მარცხით „ლეიმა კორუნა“ მე-2 ადგილზეა. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო ტურში „ესტელას“ ესტუმრება, რომელიც 18-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზეა.