ბექა ბურჯანაძის „კორუნიამ“ მადრიდის „რეალს“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT
დიდი გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატი დებიუტანტმა „ლეიმა კორუნიამ“, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. საქართველოს ნაკრების წევრი წინა სეზონში დიდად დაეხმარა ლაკორუნიელებს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში, რითაც ხალი კონტრაქტი დაიმსახურა და პირველსავე ტურში გუნდმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.
„კორუნიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და სამეფო გუნდი 1 ქულით – 86:85 დაამარცხა. მადრიდული გუნდი ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია და ცხადია, ფავორიტადაც ითვლებოდა.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 26 წუთი გაატარა, რაც თავის გუნდში მეორე შედეგი გახლდათ, მასზე მეტი – 27:30 წუთი მხოლოდ ბარუეტამ ითამაშა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო, ბომბარდირი კი 20 ქულით ბრენდონ ტეილორი გახდა, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 1,3 წამით ადრე სამქულიანით ანგარიში ისე გაათანაბრა, რომ მასზე მადრიდელები დაჯარიმდნენ. ტეილორმა საჯარიმოც ჩააგდო და „ლეიმა კორუნამ“ 86:85 იმარჯვა.
ბურჯანაძემ 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო და ორიანებიც ამ შედეგიანობით ესროლა. მან ასევე 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და მთლიანობაში 9 ქულას მოუყარა თავი. ასევე 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
„ლეიმა კორუნა“ მომდევნო, მე-2 ტურის მატჩს ბურჯანაძის ყოფილ გუნდ „გრან კანარიასთან“ 6 ოქტომბერს, სტუმრად ჩაატარებს.