ბექა ბასილაიამ საპატიმრო დატოვა და პარლამენტთან მოშიმშილეებს შეუერთდა
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებულმა, ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა და პარლამენტის წინ მოშიმშილეებს შეუერთდა.
როგორც ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სანამ შს მინისტრის გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგება, ის შიმშილობას არ შეწყვეტს.
,,დაახლოებით ერთი საათის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა საპატიმროში, რომ ყველა დაკავებული იქნა გათავისუფლებული და ამ წუთის მონაცემებით, ეს ინფორმაცია ძირითად ნაწილში დასტურდება. ეს არის ბრძოლის მხოლოდ ერთი ნაწილი, ბრძოლა გრძელდება. დამნაშავე გახარია, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანები, ახლა სოროშია შემძვრალი და ცდილობს მის ხელქვეითებზე გადატეხოს ჯოხი. ის აუცილებლად უნდა გადადგეს.
დღეს სასამართლოზე განვაცხადე, რომ არ დავტოვებდი საპყრობილეს, ვიდრე ყველა პირი არ გათავისუფლდებოდა. ამავდროულად, ვთქვი, რომ გახარიას გადადგომამდე ვაცხადებდი შიმშილობას და ეს პირობა ძალაშია. გახარია უნდა გადადგეს, მან პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით მას შემდეგ, რაც საქართველოს ეყოლება ეროვნული ხელისუფლება. დღევანდელი ვითარება არის ის, რომ პროტესტი არ უნდა შეწყდეს, უფრო სწორად, პროტესტი უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა ბასილაიამ.