ბექა ბასილაია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
ბექა ბასილაია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული ადვოკატი ბექა ბასილაია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ბექა ბასილაიამ სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.

„აქციაზე დაკავებული პირები პატიმრობაში რჩებიან. მათი პატიმრობა ცალსახად პოლიტიკურია და სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს.

რადგან  დღეის მდგომარეობითაც ეს ადამიანები პატიმრობაში რჩებიან, ვიდრე უკანასკნელი პატიმარი არ იქნება გათავისუფლებული, მე საჩივარს გავიწვევ უკან. ერთ-ერთი უკანასკნელი ვიქნები, ვინც გათავისუფლდება.

მე დღეს ვიწყებ შიმშილობას გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ვიდრე გახარია არ გადადგება, ვიქნები საპყრობილეში, თუ ვიქნები თავისუფლებაზე ვაცხადებ შიმშილობას“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ივნისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

23 -24 ივნისს სააპელაციო სასამართლომ საერთო ჯამში 57 საქმე განიხილა. მათგან ორი უდანაშაულოდ ცნო და სამართალწარმოება შეწყდა. ერთი საჩივარი დაუშვებლად ცნო. ხოლო დანარჩენი 53 პირი სამართალდამრღვევად ცნო და ამ დროისთვის ისინი თავისუფლები არიან რადგანაც მათთვის მისჯილი 4 და 5 დღიანი საპატიმრო ვადა უკვე ამოიწურა.