ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილს არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია შიმშილობა, რატი ბრეგაძის მხრიდან საკითხზე მანიპულირება არის ბინძური პროვოკაცია
მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია, რატი ბრეგაძის მხრიდან ამ საკითხზე მანიპულირება არის ბინძური პროვოკაცია, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამმისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა დასტურდება ექიმების განცხადებებით და მისი სამედიცინო ისტორიებით.
„მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მას შიმშილობა არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია. მისი შიმშილობა დასტურდება ექიმებისვე განცხადებებით და იმ სამედიცინო ისტორიებით, რაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იწარმოება. მიხეილ სააკაშვილი იღებდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მედიკამენტებს და ვიტამინებს, რაც შიმშილობის ფაქტს შეესაბამება და რაც იყო ექიმების გამოწერილი. არც ერთ ეტაპზე მას საკვები არ მიუღია. რატი ბრეგაძის მხრიდან ამ საკითხებზე მანიპულირება, ამ საკითხების მითითება არის ბინძური პროვოკაცია და მოშიმშილე ადამიანით მანიპულირება. ეს არის ღარიბაშვილის გზის პირდაპირი გაგრძელება, როდესაც ის ამბობდა მიხეილ სააკაშვილი შიმშილით უნდა მოკვდეს. რაც შეეხება უფრო სიღრმისეულ დეტალებს, არა მანიპულატორმა რატი ბრეგაძემ, არამედ თვითონ ციხის ექიმებმა გააკეთონ განმარტება. არც ერთ ეტაპზე შიმშილობის აქტი დარღვეული არ ყოფილა. შიმშილობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერმე გახდა ძალიან ცუდად, რამდენჯერმე დასჭირდა გადასხმები, მას რამდენჯერმე დასჭირდა ისეთი მომსახურება, რომელი ექიმებიც ციხის ადმინისტრაციას არ ჰყავს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ბექა ბასილაიამ კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის განცხადებაზეც, რომ მისი რეკომენდაციაა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს.
მისი თქმით, სასამართლოს სრული ვალდებულება აქვს, ეს განხილვები გაიმართოს სასამართლო დარბაზში.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ არა იუსტიციის მინისტრი, არა შემდგარი ჩამოყალიბებული იურისტი, არამედ ჩვენ ვუსმენდით პოლიტიკური ვნებებით შეპყრობილ, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ, იურისპრუდენციასთან ახლოს რომ არ ჩაუვლია, ისეთ პერსონაჟს. საიდან მოიტანა იუსტიციის მინისტრმა, რომ მას აქვს უფლება მისცეს დირექტივა სასამართლოს, სად ჩატარდეს სხდომა. ვინ მისცა მას ამის უფლება, რომელ კანონში ამოიკითხა. ამ საქმეზე ბრალდებული არიან სხვა პირებიც, რომელთაც აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ აქვთ და ვერავინ დაავალდებულებს მათ და კანონი არ ითვალისწინებს ამის შესაძლებლობას აღკვეთის ღონისძიება არ ჰქონდეს პირს შეფარდებული და მოსთხოვო მას ციხეში მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში.
სასამართლო ხელისუფლებას არ გაუკეთებია განცხადება ერთი სიტყვითაც და როგორ არ რცხვენიათ ამ მანტიამოსხმულ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებლებს, რომ იუსტიციის მინისტრის მითითებით თურმე უნდა დალაგდნენ, შევიდნენ ციხეში და ატარონ პროცესები, რომელთა დაკავშირებითაც თვითონ სასამართლო ითხოვდა სასამართლო დარბაზებში მხარეების გამოცხადებას, პანდემიის პერიოდშიც კი. სამართლებრივი თვალსაზრისით სრული ვალდებულება აქვს სასამართლოს, ეს განხილვები გაიმართოს სასამართლო დარბაზში. ასევე ვიცით, რომ სრული ვალდებულება ჰქონდათ, ეს სასამართლო განხილვები დაწყებულიყო მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან უახლოეს ვადებში. სრული ვალდებულება ჰქონდათ, აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულიყო მისი დაკავებისთანავე, მაგრამ ისინი კანონს ზედაც არ უყურებენ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლებად არიან ქცეული. აქედან გამომდინარე, ამ უკანონობაზე ხელი რომ მოაწერონ, არავის გაუკვირდეს. დღეს საქართველოში სასამართლო სისტემა გაუქმებულია. მიხეილ სააკაშვილს მიმართ მართლმსაჯულება არ ხორციელდება და მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მძევალი“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.