ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა და წაიქცა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, წაქცევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.
„ყველამ მინდა იცოდეთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, როდესაც მიშასთან შეხვედრას ვასრულებდით, მიშა როცა გამოდიოდა ოთახიდან, წაიქცა და შემდეგ საჭირო გახდა საკაცე, საკაცეზე გადავიყვანეთ და ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია. ნიკა გვარამია არის დარჩენილი ციხეში. ველოდებით, რა განცხადებას გააკეთებს პენიტენციური სამსახური. მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და უკვე რომ გამოდიოდა ოთახში, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოიტანეს საკაცე, მიშას წაქცევის მერე ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან. დააწვინეს საკაცეზე, მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო. როცა გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. 10 წუთია, რაც აიყვანეს. წაქცეულზე თვალები ხელით გავუხსენით“, – განაცხადა ბასილაიამ.