ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმერ პუტინს შორის რუსული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა
ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმერ პუტინს შორის რუსული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ Reuters-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და მოსკოვს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
„ისრაელი მზად არის, საქმის გამოძიებისთვის ნებისმიერ ინფორმაცია მიაწოდოს“, – ციტირებულია ბენიამინ ნეთანიაჰუს პრესსამსახურის განცხადება.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებლობა სირიას დააკისრა. მანამდე იგივე განცხადება გააკეთა ისრაელის არმიამ.
17 სექტემბერს, ღამით ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ილ-20 რადარებიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ იქნა ჩამოგდებული.