ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ღაზის სამხრეთ საზღვარზე, ეგვიპტესთან მდებარე ე.წ. ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ღაზის სამხრეთ საზღვარზე, ეგვიპტესთან მდებარე ე.წ. ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„ბოროტების ღერძს სჭირდება „ფილადელფიის კორიდორი“, ამიტომაც ის უნდა ვაკონტროლოთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე .
„ჰამასი“ უარყოფს ისრაელის ყოფნას აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ისრაელი არ დატოვებს კორიდორს.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა მძევლების ოჯახების წინაშე და განაცხადა, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს „ჰამასზე“ და არა – ისრაელზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ გასულ კვირას ექვსი ისრაელელი მძევალი მოკლა, მათ შორის, ამერიკის მოქალაქე.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ჯო ბაიდენი ან ვინმე სხვა, ვინც სერიოზულად ფიქრობს მშვიდობის მიღწევის საკითხზე, ითხოვს ისრაელისგან მეტ დათმობაზე წასვლას,
„ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. დათმობაზე „ჰამასი“ უნდა წავიდეს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს მძევლების გათავისუფლებისთვის.