მას შემდეგ, რაც აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინადადებაზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გაგზავნის დელეგაციას აშშ-ში.
„აშშ-ის პოზიციის ცვლილების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დელეგაცია არ გაემგზავრება აშშ-ში“, – განაცხადეს ნეთანიაჰუს ოფისში.
თეთრმა სახლმა უარყო, რომ აშშ-ის თავშეკავება ასახავს აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილებას.
„ეს იმედგაცრუებაა. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი არ ჩამოვლენ ვაშინგტონში, რათა შევძლოთ საუბარი მათთან რაფაჰში შესვლის ეფექტური ალტერნატივების შესახებ. არაფერი შეცვლილა ჩვენს შეხედულებებში, რომ რაფაჰზე შესაძლო სახმელეთო შეტევა დიდი შეცდომა იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-მა შეცვალა საკუთარი პოზიცია, თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო.