ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე არ დააკავებს მათ, ვინც პასუხისმგებელია ექვსი მძევლის მკვლელობაზე.
ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი დღეს ღაზის სექტორში აღმოაჩინეს.
ამ საკითხზე საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზად იყო, მიეღწია შეთანხმება დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ვინც მძევლებს კლავს, მას არ სურს შეთანხმება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
როგორც „გარდიანი“ წერს, მოლაპარაკებებში მთავარ დაბრკოლებად რჩება ე.წ. ფილადელფიის დერეფანი, რომელიც ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზეა განლაგებული და ასევე, ნეცარიმის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი.
ნეთანიაჰუ მოითხოვს, რომ ისრაელმა შეინარჩუნოს კონტროლი ამ დერეფნებზე კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად და „ჰამასის“ მებრძოლთა დასაკავებლად. „ჰამასი“ კი ითხოვს ისრაელის ძალების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან.