ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორზე კონტროლს ისრაელის თავდაცვის ძალები შეინარჩუნებენ და საერთაშორისო ძალებს არ გადასცემენ
ისრაელის თავდაცვის ძალები შეინარჩუნებენ კონტროლს ღაზის სექტორზე ომის დასრულების შემდეგ და კონტროლს საერთაშორისო ძალებს არ გადასცემენ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქების მერებთან შეხვედრაზე დეტალურად არ ისაუბრა, რამდენ ხანს განახორციელებს კონტროლს ისრაელის არმია არაბულ ანკლავზე.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ ისრაელს არ სურს ღაზის სექტორის ხელახალი ოკუპაცია ან მართვა.
ისრაელის მედია წერს, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირების განმავლობაში წამოჭრეს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ძალებს, შესაძლოა, მეზობელი არაბული მოკავშირეების ჯარებთან ერთად, შეეძლოთ არაბული ანკლავის უსაფრთხოების მართვა დროებით, ვიდრე ის დაუბრუნდება მოქმედ პალესტინის მთავრობას, რომელიც, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ პალესტინის ადმინისტრაცია იქნება.