ბენიამინ ნეთანიაჰუ - მოვუწოდებ ევროპელ ლიდერებს, შეწყვიტონ ტერორისტული რეჟიმის დაფინანსება
ბენიამინ ნეთანიაჰუ ვენაში, ტერორიზმის ბრალდებით, ირანელი დიპლომატის დაკავების შემდეგ, ევროპას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიციის მიღებისკენ მოუწოდებს.
„ეს კვირა ირანის უსაზღვრო თვალთმაქცობისა და თავხედური ტყუილის ნათელი მაგალითი იყო, რადგან სწორედ ამ კვირაში ირანის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს შეხვდა. მიზანი კი დონალდ ტრამპის სანქციების გადალახვა იყო. მე გეუბნებით, რომ ასე არ მოხდება. ირანმა საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა დაგეგმა. შემთხვევითი არ არის, რომ ტერაქტი ჩაიშალა. მოვუწოდებ ევროპელ ლიდერებს, შეწყვიტონ ტერორისტული რეჟიმის დაფინანსება. ეს ნიშნავს, ტერორიზმის დაფინანსებას მშობლიურ მიწაზე. საკმარისია ირანთან მიმართებით სისუსტის გამოჩენა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თავდასხმის დაგეგმვა ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროპაში ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, ირანის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ხერხით ოფიციალურ თეირანს ევროპისგან იმ ფინანსური სარგებლის მიღება სურდა, რომელიც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად დაკარგა.
2 ივლისს ევროპის რიგ ქალაქებში ბელგიის, გერმანიისა და საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ანტვერპენში ირანული წარმომავლობის ორი პირი, ვენაში კი ირანის საელჩოს თანამშრომლები დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები 30 ივნისს პარიზში ირანის ეროვნული საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაზე ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. ღონისძიებას 5 000-მდე მონაწილესთან ერთად რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პოლიტიკური პირი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი, რუდი ჯულიანი დაესწრნენ.