ბენიამინ ნეთანიაჰუ - მკაცრად ვგმობ შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაუშვას ბიბლიის დაწვა, ისრაელის სახელმწიფო ძალიან სერიოზულად იღებს ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას
ისრაელის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი გმობენ შვედეთის მთავრობის მიერ ბიბლიისა და ყურანის დაწვის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებას.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო სერიოზულად ეკიდება შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებებს.
„მკაცრად ვგმობ შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაუშვას ბიბლიის დაწვა ქვეყანაში ისრაელის საელჩოს წინ. ისრაელის სახელმწიფო ძალიან სერიოზულად იღებს ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც აზიანებს ებრაელი ხალხის წმინდათა წმინდას. ყველა რელიგიის წმინდა წიგნებს პატივი უნდა ვცეთ“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“.
წმინდა წიგნების დაწვის ნებართვას გმობს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგიც.
„ცალსახად ვგმობ წმინდა წიგნების დაწვაზე შვედეთში გაცემულ ნებართვას. როგორც ისრაელის პრეზიდენტმა, დავგმე ყურანის დაწვა, რომელიც წმინდაა მუსლიმებისთვის მთელ მსოფლიოში. ახლა გული მწყდება, რომ იგივე ბედი ელის ებრაულ ბიბლიას, ებრაელი ხალხის მარადიულ წიგნს. წმინდა ტექსტების შელახვის დაშვება არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის აშკარა წაქეზება და სიძულვილის აქტი. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და ცალსახად დაგმოს ეს საზიზღარი მოქმედება“, – აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი.