ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესში სიტყვით გამოდის - როდესაც ისრაელი და აშშ ერთად არიან, გამარჯვება გარდაუვალია
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესში აპლოდისმენტების ფონზე სიტყვით გამოდის.
როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, როდესაც ისრაელი და აშშ ერთად არიან, გამარჯვება გარდაუვალია.
„ჩვენ გავიმარჯვებთ“, – უთხრა ნეთანიაჰუმ კონგრესში შეკრებილებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თმით, 7 ოქტომბერი ყოველთვის იქნება ისრაელელების მეხსიერებაში, ისევე როგორც 11 სექტემბერია ამერიკელებისთვის.
კონგრესში ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც ესწრებიან. ნეთანიაჰუმ მათი სახელები ჩამოთვალა. ასევე, მის გამოსვლას ცოტა ხნის წინ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული ნოა არგმანიც ესწრებოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, არ მოისვენებს, ვიდრე ყველა მძევალი ოჯახებს არ დაუბრუნებდა. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ აქტიურადაა ჩართული მძევლების გათავისუფლების პროცესში.
ნეთანიაჰუმ ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი „ირანის სასარგებლო იდიოტები გახდნენ“. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ ისრაელის მოწინააღმდეგეები ეშმაკის მხარეს დგომას ირჩევენ.
„მათ უნდა რცხვენოდეთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ვიდრე ნეთანიაჰუ კონგრესში საუბრობს, ვაშინგტონში ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.