ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორზე საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება
ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორზე საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ისრაელს განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ვნახეთ, რა ხდება იმ დროს, როცა ის არ გვაქვს. როდესაც ჩვენ არ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს „ჰამასის“ ტერორის ამოფრქვევა ისეთი მასშტაბით, როგორსაც ვერც წარმოვიდგენდით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაეთანხმება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოწოდებას ჰუმანიტარული პაუზების შესახებ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ ეს იქნება „ჰამასთან“ ბრძოლაში დანებება.
„რაც შეეხება ტაქტიკურ პაუზებს – ერთი საათი აქ, ერთი საათი იქ, ჩვენ ისინი ადრეც გვქონდა. ჩვენ შევამოწმებთ გარემოებებს, რათა მივცეთ საშუალება ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად ან ჩვენი მძევლების, ცალკეული მძევლების გამოსაყვანად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
როგორც NBC News-ი აღნიშნავს, რომ ამ განცხადებით ნეთანიაჰუ გახდა ისრაელის პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც დაადასტურა, რომ იერუსალიმი დათანხმდა ბრძოლის დროებით შეჩერებას.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ გაათავისუფლებს, დაახლოებით, 240 მძევალს, რომლებიც ღაზაში არიან დაკავებული.
„ამ შემთხვევაში მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ველოდებით ამას. ეს აქამდე არ მომხდარა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელს აქვს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არიან მძევლები, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს.