ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის მხრივ
ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის მხრივ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთად საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ გმირები არიან და კვლავ გააგრძელებენ ამის ჩვენებას.
ამასთან, გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ფილადელფის დერეფნის გასწვრივ 150-ზე მეტი გვირაბი გაანადგურეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა არის ომის მიზნები, მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს როგორც „ჰამასთან“, ასევე მძევლებთან მიმართებაში და ახლა ჩრდილოეთისკენ გავიხედოთ“, – განაცხადა გალანტმა.
როგორც „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზის სექტორში, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა.
მათივე თქმით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მდებარე სკოლასა და მიმდებარე სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი და დაშავდა 15, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.
ცნობისთვის, ღაზის სექტორში ომი უკვე 10 თვეა, გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით რეგიონში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც კაიროში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ისრაელმა მხარი დაუჭირა გასულ კვირას შუამავლების მიერ დოჰაში წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას ითვალისწინებს. თუმცა „ჰამასი“ ამ წინადადებას არ თანხმდება და აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, რაც ღაზის სექტორის საზღვრებზე სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნებას ითვალისწინებს და ეს „ჰამასისთვის“ მიუღებელია.