ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი, ღაზის სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ემზადება
ისრაელი, ღაზის სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ემზადება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ეფ-15“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ბაზაზე მფრინავებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ რთულ პერიოდში ვიმყოფებით. ღაზაში ომის შუაში ვართ, რომელიც მთელი სიმძაფრით გრძელდება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად, თუმცა ასევე ვემზადებით გამოწვევებისთვის სხვა ფრონტებიდან“ , – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე გააკეთა. დამასკოში, ირანის საკონსულზე მიტანილი იერიშის შემდეგ თეირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება.
„მარტივი პრინციპი დავამკვიდრეთ: ჩვენ დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს. მზად ვართ, შევასრულოთ ისრაელის უსაფრთხოების წინაშე ჩვენი მოვალეობები თავდაცვისა და თავდასხმის კუთხით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ავიაგამანადგურებლების მფრინავებს მიმართა, რომ ის და მთელი ისრაელი მათ ენდობა.