ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, თუ თეირანში მთავრობა შეიცვლება, ისრაელსა და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

„ეს რეჟიმი მონდომებულია, ჩვენს ქვეყნებს შორის სიძულვილი დათესოს, მაგრამ არ გამოუვათ. როცა ეს რეჟიმი დაემხობა და ის აუცილებლად დაემხობა, ჩვენს შორის ურთიერთობაც მოგვარდება. მე ირანელ ხალხს წარმატებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის ამ კეთილშობილ ბრძოლაში“, – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ირანის მსხვილი ქალაქები, მათ შორის თეირანი, მეშჰედი და ისპაჰანი 28 დეკემბრის შემდეგ საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. მასობრივი დემონსტრაციები სოციალური პროტესტითაა გამოწვეული. შეტაკებებს მოყვა მსხვერპლიც.
პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებითა და საგარეო ჩარევებითაა გამოწვეული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის საპროტესტო ტალღის ორგანიზებაში ისრაელის ჩართულობას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ეს ბრალდება არათუ მცდარი, არამედ სასაცილოა.