ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის „გრძელი ხელი“ ვერ მისწვდება და ეს ეხება მთელ ახლო აღმოსავლეთს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მტერს სურს ქვეყნის განადგურება, ასევე „ჩვენი საერთო ცივილიზაციის“ დანგრევა.
ამის შესახებ მან ნიუ იორკში გაერო-ს 79-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და ჰოლოკოსტს შეადარა. მისი თქმით, ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე ყველა დარჩენილ მძევალს არ გაათავისუფლებს.
როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ძალებმა მოკლეს ან დააკავეს „ჰამასის“ წევრების ნახევარზე მეტი
„ომი შეიძლება დასრულდეს ახლა, თუ „ჰამასი“ დანებდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. თუმცა, მისი თქმით, ისრაელმა ასევე უნდა დაამარცხოს „ჰეზბოლა“. ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმებმა ჩრდილოეთ ისრაელის 60 ათასზე მეტ მცხოვრებს აიძულა, მიეტოვებინათ საკუთარი სახლები.
„ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას არ შეძლებენ. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე ტერორისტული არმიის არსებობას, რომელიც მზად არის 7 ოქტომბრის მსგავსი მორიგი ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინოს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ იმყოფება ომში ლიბანის მოსახლეობასთან, არამედ მას აქვს ომი „ჰეზბოლასთან“, რომელმაც მათი ქვეყანა მოიტაცა.
როგორც მან განაცხადა, ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, ხოლო მას ყველანაირი უფლება აქვს, აღკვეთოს ეს საფრთხე.
„იმის ნაცვლად, რომ იყვნენ კრავები, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ, საპასუხოდ, ისრაელელი სამხედროები იბრძვიან წარმოუდგენელი სიმამაცით და გმირული თავგანწირვით. მე მაქვს კიდევ ერთი გზავნილი ამ ასამბლეისა და მთელი მსოფლიოსადმი – ჩვენ ვიმარჯვებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანში არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის „გრძელი ხელი“ ვერ მისწვდება და ეს ეხება მთელ ახლო აღმოსავლეთს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ირანის აგრესიამ თითოეულ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს შეუქმნა საფრთხე.
„ირანი ცდილობს, გაავრცელოს რადიკალიზმი ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ და ემუქრება მთელ მსოფლიოს“, – თქვა მან.
ნეთანიაჰუმ გაერო-ს ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ირანმა ვერასდროს მიიღოს ბირთვული იარაღი
„მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ისრაელის პრემიერმა თეირანს მიმართა და თქვა, რომ ისრაელზე დარტყმის შემთხვევაში, იქნება საპასუხო დარტყმა.
საკუთარ სიტყვაში ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებსაც მიმართა, თუ რა არჩევანს გააკეთებენ – დაუდგებიან გვერდით ისრაელს, დემოკრატიას და მშვიდობას, თუ ირანს.
საკუთარი გამოსვლა ისრაელის პრემიერმა გაერო-ს კრიტიკით დაასრულა და მას „სიბნელის სახლი“ უწოდა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაერო-მ ისრაელის წინააღმდეგ იმაზე მეტი რეზოლუცია მიიღო, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყნის წინააღმდეგ.
„როგორი თვალთმაქცობაა. როგორი ორმაგი სტანდარტია. როგორი ხუმრობაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ სამხედრო დამნაშავეები არიან ირანში, ღაზის სექტორში, სირიასა და ლიბანში.
როგორც ისრაელის ლიდერმა აღნიშნა, როდესაც ებრაელ ხალხს კლავდნენ, არავინ აწია ხელი მათ დასაცავად.
„ახლა ჩვენ გვაქვს საკუთარი სახელმწიფო და საკუთარ თავს ვიცავთ. ისრაელი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აღსანიშნავია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას დარბაზში დამსწრეების ნაწილი უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა, ზოგიერთმა დელეგაციამ კი დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.