ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი გათავისუფლდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ირანის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისრაელი თქვენთანაა
ირანი როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდება და ეს მომენტი დადგება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ჩვენი ორი უძველესი ხალხი, ებრაელი ხალხი და სპარსელი ხალხი, საბოლოოდ იპოვის მშვიდობას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისთვის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ირანის რეჟიმი რეგიონს კიდევ უფრო ჩაძირავს ომში და ყოველ წუთში ირანის ხალხი უფსკრულისკენ მიჰყავს.
„ირანელების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ მათ რეჟიმს არ აინტერესებს ისინი. რომ აინტერესებდეს და ზრუნავდეს თქვენზე, შეწყვეტდა მილიარდობით დოლარის ფლანგვას ახლო აღმოსავლეთის უშედეგო ომებზე. დაიწყებოდა თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება. წარმოიდგინეთ, თუ მთელი ის დიდი ფული, რომელიც რეჟიმმა დახარჯა ბირთვულ იარაღსა და საგარეო ომებზე, ჩადებულიყო თქვენი შვილების განათლებაში, თქვენი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში, თქვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, წყალი, კანალიზაცია, ყველაფერი რაც გჭირდებათ. წარმოიდგინეთ ეს. ირანი როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდება და ეს მომენტი დადგება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ჩვენი ორი უძველესი ხალხი, ებრაელი ხალხი და სპარსელი ხალხი, საბოლოოდ იპოვის მშვიდობას. ჩვენი ორი ქვეყანა, ისრაელი და ირანი იპოვიან მშვიდობას. როდესაც ეს დღე დადგება, ტერორისტული ქსელი, რომელიც რეჟიმმა ააგო ხუთ კონტინენტზე, გაკოტრდება, დაიშლება. ირანი ისე განვითარდება, როგორც არასდროს. გლობალური ინვესტიცია. მასიური ტურიზმი. ბრწყინვალე ტექნოლოგიური ინოვაცია, რომელიც ეფუძნება უზარმაზარ ნიჭს, რომელიც არსებობს ირანში. განა ეს უკეთესად არ ჟღერს, ვიდრე გაუთავებელი სიღარიბე, რეპრესიები და ომი? ნუ მისცემთ უფლებას ფანატიკოს თეოკრატთა მცირე ჯგუფს გაანადგუროს თქვენი იმედები და ოცნებები. თქვენ უკეთესს იმსახურებთ. თქვენი შვილები უკეთესს იმსახურებენ. მთელი მსოფლიო იმსახურებს უკეთესს. მე ვიცი, რომ თქვენ არ უჭერთ მხარს „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ გამაუპატიურებლებს და მკვლელებს, მაგრამ თქვენი ლიდერები მხარს უჭერენ. თქენ უკეთესს იმსახურებთ. ირანის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისრაელი თქვენთანაა. შეიძლება ერთად აღმოვაჩინოთ კეთილდღეობისა და მშვიდობის მომავალი”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.