ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასმა“ მძევლები ღაზაში ჩვენი შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგად დაგვიბრუნა, ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს, ვერ დავიბრუნებთ მძევლებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასმა“ ისრაელისთვის მძევლების დაბრუნება დაიწყო მაშინ, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები მაისში რაფაჰსა და ფილადელფის დერეფანში შეიჭრნენ. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ისრაელის პრემიერს თქმით, მძევლების დაბრუნება სწორედ „ჰამასზე“ განხორციელებული სამხედრო ზეწოლის შედეგია.
„მძევლების თაობაზე პირველი შეთანხმების მიღწევა იყო ჩვენი ღაზაში შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგი, რომლითაც „ჰამასმა“ დაგვიბრუნა მძევლები. ამის შემდეგ „ჰამასს“ ეგონა, საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდებოდა ისრაელზე და მათ არ მოუწევდათ რაიმე დათმობაზე წასვლა. თუმცა რაფაჰში შეჭრის შემდეგ მათ აზრი შეეცვალათ. ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს, მათზე ზეწოლა ვერ მოხდება და ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მძევლებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ საერთაშორისო მედია ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, რაფაჰში დაღუპულთა შესახებ ცნობები მცდარი იყო და იქ ძალიან ცოტა უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
„აღწერეთ სწორად, რადგან თქვენ ჩვენ დაგვადანაშაულეთ ისეთ რაღაცაში, რაც შეურაცხმყოფელია. რეალურად ჩვენ წინააღმდეგ ბრალდებები ცრუ აღმოჩნდა. ისრაელის არმია აკეთებს იმას, რაც არცერთ სამხედროებს არ უქნიათ ისტორიის განმავლობაში და გააგრძელებს ამის კეთებას. არ ვაპირებ ჩემი ჰუმანიტარული, ვაქცინაციის და საბრძოლო პოლიტიკის შეცვლას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელი იღებს ყველა საჭირო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად, ახლახან დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია ღაზაში პოლიომიელიტის წინააღმდეგ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი არის ტრაგედია, „ჰამასი“ კი ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი არის სტრატეგია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.