ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზას სექტორიდან თავდასხმების აღსაკვეთად, ისრაელი „დიდ ძალას“ გამოიყენებს
ღაზას სექტორიდან თავდასხმების აღსაკვეთად, ისრაელი „დიდ ძალას“ გამოიყენებს,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სასაზღვრო ღობეზე პალესტინელების თავდასხმები სერიოზულად განიხილება და თუ აგრესიული მოქმედება არ შეწყდება, ისრაელი საპასუხო ზომებს მიიღებს.
პალესტინური ანკლავიდან ქალაქ ბერ-შევას დაბომბვის შემდეგ, ნეთანიაჰუმ ძალოვანი უწყებებისა და სასაზღვრო ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრა. ინციდენტთან დაკავშირებით, ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის შეხვედრაც იგეგემება. ღაზას სექტორიდან 16 ოქტომბრის ღამეს რაკეტები ბერ-შევასა და თელ-ავივის მიმართულებით გაუშვეს. ბერ-შევაში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მეორე რაკეტა კი, ზღვაში ჩავარდა. საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში 20 ობიექტი დაბომბა.