ბენიამინ ნეთანიაჰუ - დონალდ ტრამპმა ანექსიის გეგმების მხოლოდ დროებითი შეჩერება მოითხოვა და დროებითი ნიშნავს, დროებითს
დონალდ ტრამპმა ანექსიის გეგმების მხოლოდ დროებითი შეჩერება მოითხოვა და დროებითი ნიშნავს, დროებითს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, სუვერენიტეტის ერთგულია და ისრაელი თავის მიწაზე საკუთარ უფლებებს არასდროს დათმობს.
„როგორც მე მოვიტანე მშვიდობა, დასავლეთ ნაპირზე სუვერენიტეტს მოვიტან. არავის არასდროს არ სჯერა ჩემი დაპირებების, მაგრამ ყოველთვის ვამტკიცებ, რომ ისინი ცდებიან“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა. ნეთანიაჰუს განცხადებით, გააგრძელებს ისრაელის სუვერენიტეტის გაფართოებას დასავლეთის ნაპირის მიწის ნაწილებზე, აშშ-სთან კოორდინაციით, მაგრამ ასევე დაადასტურა, რომ მისი ცალმხრივი ანექსიის გეგმა დროებით შეჩერდა.
„არაბულ მსოფლიოსთან ისრაელის ურთიერთობების ახალი ერა“, – ასე დაახასიათა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ, არაბთა გაერთიანებულ საამიროები მესამე არაბული სახელმწიფოა, რომელმაც ისრაელი აღიარა.