ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ შევამცირეთ „ჰეზბოლას“ შესაძლებლობები, გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის ნასრალას შემცვლელები, დღეს ის უფრო სუსტია, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ძალებმა მოკლეს „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელები.
როგორც ნეთანიაჰუმ ლიბანელ ხალხისთვის მიმართვისას აღნიშნა, ლიბანი არა ისრაელმა, არამედ ირანმა დაიპყრო და „ჰეზბოლამ“ აქცია სამხედრო ბაზად.
„ქვეყანა, რომელმაც რეალურად დაიპყრო ლიბანი, არ არის ისრაელი. ეს არის ირანი, რომელიც ლიბანის ხარჯზე აფინანსებს და იარაღს აწვდის „ჰეზბოლას“, რათა ემსახუროს ირანის ინტერესებს. „ჰეზბოლამ“ ლიბანი აქცია საბრძოლო მასალებისა და იარაღის საწყობად, ირანის სამხედრო ბაზად. ჩვენ შევამცირეთ „ჰეზბოლას“ შესაძლებლობები, გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის თავად ნასრალას შემცვლელი და მისი შემცვლელის შემცვლელი. დღეს „ჰეზბოლა“ უფრო სუსტია, ვიდრე ბოლო მრავალი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ლიბანელ ხალხს მოუწოდა, „დაიბრუნონ“ ქვეყანა „ჰეზბოლასგან“.
„ახლა თქვენ, ლიბანელი ხალხი, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დგახართ. ახლა შეგიძლიათ, დაიბრუნოთ თქვენი ქვეყანა. ამას თუ არ გააკეთებთ, „ჰეზბოლა“ განაგრძობს ისრაელთან ბრძოლას მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან თქვენს ხარჯზე. მოგიწოდებთ თქვენ, ლიბანის ხალხს, გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა „ჰეზბოლასგან“, რათა ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.