ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ გაძლიერებული ძალებით ვავნებთ მას, ვინც გვავნებს, ვურჩევ მტერს, ჩვენთან საქმეს ნუ დაიჭერს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ გაძლიერებული ძალებით ვავნებთ მას, ვინც გვავნებს, ვურჩევ მტერს, ჩვენთან საქმეს ნუ დაიჭერს

ჩვენ გაძლიერებული ძალებით ვავნებთ მას, ვინც გვავნებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რითაც ღაზას სექტორში განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს გამოეხმაურა.

როგორც ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ისრაელი ახლა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.

„ჩვენი პრინციპები მკვეთრი და მკაფიოა. ჩვენ გაძლიერებული ძალებით ვავნებთ მას, ვინც გვავნებს. ჩვენი გრძელი მკლავი აღწევს ყველა ტერორისტამდე და ადგილამდე, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ. ჩვენ ახლა ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. ვურჩევ მტერს, ჩვენთან საქმეს ნუ დაიჭერს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის მხრიდან მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ სამი მეთაური და ათი მოქალაქე გარდაიცვალა.

ისრაელის მხრიდან ღაზაში განხორციელებულ დარტყმებს „ისლამური ჯიჰადისა“ და ჰამასის მხრიდან საპასუხო ზომებზე მუქარა მოჰყვა.

ისრაელმა მოახლოებული სავარაუდო აფეთქების მოლოდინის გამო, ღაზას მახლობლად, ისრაელის ქალაქებში გზები ჩაკეტა, ასევე, დაავალა მცხოვრებლებს დაბომბვისგან დასაცავ თავშესაფრებთან ახლოს ყოფნა.