ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისასალმებელია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე აშშ-ის ვეტო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე აშშ-ის მიერ ვეტოს დადებას და ამ პოზიციას სწორს უწოდებს.
როგორც ნეთანიაჰუს განცხადებაშია აღნიშნული, სხვა ქვეყნებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია, ერთი მხრივ, ეხმარებოდა „ჰამასის“ სრულ განადგურებას და, მეორე მხრივ, ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიოდე, რაც „ჰამასის“ განადგურებას შეაჩერებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისად „ისრაელი გააგრძელებს გამართლებულ ომს, რომელიც „ჰამასის“ განადგურებისკენ არის მიმართული, და სხვა დასახული მიზნების მიღწევას“.
ამასთან, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ცახი ჰანეგბი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ათასი ტერორისტი. ამასთან, უცნობია, მოიცავს თუ არა ეს რიცხვი 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ისრაელში მოკლულ ათასზე მეტ მებრძოლს.
ჰანეგბის თქმით, შეუძლებელია თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი. მისი განცხადებით, მისი ხანგრძლივობა, შესაძლოა, თვეებით არ გაიზომოს.
ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო.