ბენ ჰოჯესი - უნდა ვიფიქროთ, როგორ ჩავიგდოთ ხელში ინიციატივა და მუდმივად კრემლის საპასუხო ქმედებების ნაცვლად, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებითაც კრემლს მიმართულების შეცვლას ვაიძულებთ
ბენ ჰოჯესი - უნდა ვიფიქროთ, როგორ ჩავიგდოთ ხელში ინიციატივა და მუდმივად კრემლის საპასუხო ქმედებების ნაცვლად, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებითაც კრემლს მიმართულების შეცვლას ვაიძულებთ

აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში გემების გაგზავნას განიხილავს. „სიენენის“ ცნობით, შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაზვერვით ფრენებს ახორციელებენ ამერიკული თვითმფრინავები. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ძალის რაოდენობა გაზარდა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეშფოთებული არიან რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიით. შექმნილი ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე და შავი ზღვის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საქართველოს პირველი არხი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილ უფროსს, ბენ ჰოჯესს ესაუბრა.

– უკრაინელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ათასობით რუსი სამხედრო გადაყვანილია ყირიმში და დისლოცირებულია უკრაინის საზღვრებთან; სახეზეა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არაერთი დარღვევა. თქვენი აზრით, რუსეთი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება?

რუსეთის განზრახვა ჯერ არ ვიცით. ყველა ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. სადაზვერვო ანალიტიკოსები ცდილობენ, გამოიცნონ და დაადგინონ, რა არის კრემლის განზრახვა. ფაქტია, რომ წლის დასაწყისიდან, ამ ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების პირობებში, რუსების მიერ 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა მოკლული. ცხადია, რომ 30 ათასამდე რუსი სამხედრო, მათ შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების წარმომადგენლების, აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას. ისინი ნახევარკუნძულზე 2014 წლიდან იმყოფებიან, ახლა კი ყირიმში დამატებითი ძალები ჩაიყვანეს. ამასთან ერთად, ათასობით რუსი ჯარისკაცი მობილიზებულია უკრაინის საზღვრებთან. ეს ყველაფერი უკრაინის მთავრობის დაშინებისკენაა მიმართული. კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს დასავლეთის გამოწვევა. ამ ნაბიჯით კრემლი აჩვენებს, რომ ევროკავშირს, უკრაინის სუვერენიტეტსა და არც აშშ-ს პატივს არ სცემს. ეს კრემლის ტესტია. არ ვიცი, რამდენად შორსმიმავალი გეგმა აქვს რუსეთს. ვაკვირდები სიტუაციას და ინდიკატორებს, ლოჯისტიკას. მაგალითად, საველე ჰოსპიტლებს, დიდი რაოდენობით საწვავის მარაგს, აღჭურვილობას. ეს გახლავთ ინდიკატორები, რომლებიც მიუთითებს დიდ სამზადისზე. კრემლი უარს ამბობს გამჭვირვალობაზე, არ მისდევს საერთაშორისო კანონებს და სამხედრო წვრთნების დადგენილ პროცედურებს არღვევს. რუსეთს არაკეთილსინდისიერი ქცევის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. კრემლის ასეთი საქციელი იწვევს იმ სიტუაციას, რასაც დღეს ვხედავთ.

– სამხედრო თვალსაზრისით, რამდენად დიდია რუსეთიდან მომავალი საფრთხე? უკრაინას ამ საფრთხეს მარტო გაუმკლავდება? რა შეუძლია დასავლეთს, გააკეთოს სიტუაციის განმუხტვისთვის?

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ დღეს შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია რუსეთი და სწორედ მან უნდა მოახდინოს სიტუაციის განმუხტვა, რადგან მათ გამოიწვიეს დაძაბულობა. უკრაინას საამისოდ არაფერი გაუკეთებია. აშშ-საც არაფერი გაუკეთებია ესკალაციისთვის. მე ვიტყოდი, რომ საფრანგეთისა და გერმანიის სისუსტემ გარკვეულწილად გამოიწვია რუსეთის აგრესია. რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ სისუსტე ახალისებს მოსკოვის აგრესიას. რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეს ძალები დღეს ისეთი აღარ არის, როგორც 2014 წელს იყო, როდესაც მათ გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწიათ დაპირისპირება. უკრაინელი სამხედროები გაცილებით უკეთ არიან მომზადებული. თუმცა, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები და ფლოტი გაცილებით უკანაა. კრემლი თუ მიიღებს საშინელ გადაწყვეტილებას, იმაზე დიდი შეტევა დაიწყოს, ვიდრე ახლა ვხედავთ, მაშინ რუსებს დიდი დანაკარგი ელოდებათ. თუმცა, ეს დამოკიდებულია კრემლის ამოცანებზე. შესაძლოა, მოსკოვმა რამდენიმე მათგანს მიაღწიოს კიდეც – მაგალითისთვის, მდინარე დნიპროსა და ყირიმის დამაკავშირებელი არხის დაკავებას. ჩემი აზრით, რუსეთის გრძელვადიანი მიზანი ოდესის დაკავებაა, რათა უკრაინა მოწყდეს შავ ზღვას, თუმცა ამას დრო დასჭირდება. დასავლეთმა დიპლომატიური არხებით ცალსახად უნდა განუმარტოს კრემლს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, კატეგორიულად მიუღებელია. აშშ-მა უნდა იმუშაოს გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ მოკავშირეებთან, რათა დაგმონ რუსეთის პროვოკაციული ქცევა და მოითხოვონ კრემლისგან გამჭვირვალობა. ამასთან ერთად, უნდა ვიფიქროთ ზეწოლის სხვა ბერკეტებზეც, რომლებსაც გამოვიყენებთ, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში. მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, რასაც შეუძლია, მნიშვნელოვნად დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა. ასეთი ტკივილი რუსეთზე ნამდვილად იმოქმედებდა. გრძელვადიან პერიოდში კი, მკაფიოდ უნდა დავანახოთ კრემლს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი პრიორიტეტულია. ეს ნიშნავს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაგრძელებას. ჩვენ უნდა ჩავატაროთ უფრო მეტი სამხედრო წვრთნა, როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან, მოლდოვასთან და იმედია თურქეთთან ერთად. ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ.

– თქვენ ახსენეთ საქართველო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთიდან უკრაინისადმი მიმართული აგრესია საქართველოსაც ემუქრება?

დიახ, ნამდვილად, რადგან თუ კრემლი დაინახავს, რომ დასავლეთი არაფერს აკეთებს, მაშინ მოსკოვში ლოგიკურად შეიძლება ჩათვალონ, რომ მათ შეუძლიათ გააფართოონ გავლენა საქართველოშიც და დანარჩენ სამხრეთ კავკასიაშიც. სწორედ ამიტომ, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. თუ სერიოზულად გვსურს უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმნა, უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთს და ვაჩვენოთ, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. აშშ-მა შავი ზღვის რეგიონისთვის სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც მოიცავს საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. ეს საჭიროა, რათა აზრიანი პოლიტიკა გვქონდეს ამ რეგიონის თითოუელი ქვეყნის მიმართ. ეს რეგიონი ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. აქ გადის ერთადერთი დერეფანი ევრაზიასა და ევროპას შორის. დასავლეთმა უნდა ჩადოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ამ რეგიონში, რათა დაეხმაროს საქართველოს, გახდეს დამაკავშირებელი რგოლი ევრაზიასა და ევროპას შორის. ამასთან ერთად, თუ საქართველო მოგვიპატიჟებს, ვისურვებდი, ვიხილო საქართველოში ინფრასტრუქტურა, რომელიც გააიოლებს ამერიკელი სამხედროების, მათ შორის სახმელეთო ძალების, ფლოტისა და საჰაერო ძალების როტაციას საქართველოში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ ჩავიგდოთ ხელში ინიციატივა და მუდმივად კრემლის საპასუხო ქმედებების ნაცვლად, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებითაც ვაიძულებთ კრემლს, მიმართულება შეცვალოს.

– უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება. მისი აზრით, ეს იქნებოდა რეალური სიგნალი რუსეთისთვის. როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ საქართველო ახლა ნატო-ში უნდა იყოს, უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. საქართველოს შემთხვევაში არ გვჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმაც კი, რადგან საქართველოს შემთხვევაში გაცილებით წინ ვიმყოფებით. მე მხარს დავუჭერდი საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ მიპატიჟებას. უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესი ცოტა უფრო ხანგრძლივი იქნება. უნდა გაარკვიოთ, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში და როგორ გავაკეთოთ ეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთის სამხედროებს ოკუპირებული აქვთ უკრაინის სუვერენული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასში აგრძელებენ სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ აშშ უკრაინას ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირედ გამოაცხადებს.

– შემდეგი შეკითხვა ეხება შავი ზღვის რეგიონის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოს, თურქეთს. თურქეთის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დააკავა ათი გადამდგარი ადმირალი. ამის მიზეზი იყო მათ მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელშიც სამხედროებმა თურქეთის მიერ მონტროს კონვენციის შესაძლო დატოვება გააპროტესტეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს კონვენცია და რა შეიძლება მოხდეს, თუ ერდოღანი გადაწყვეტს, რომ თურქეთმა ის უნდა დატოვოს?

მონტროს კონვენცია მნიშვნელოვანია, რადგან ამის გამო გავრცელდა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. ასეთი იყო შეთანხმება, რომელიც 1930-იან წლებში გაფორმდა. თურქეთი ცალმხრივად თუ გადაწყვეტს მონტროს კონვენციის დატოვებას, მაშინ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი გამოწვევები გაჩნდება. ეს ნაბიჯი პოტენციურად სახიფათო და დაძაბულობის მომტანი შეიძლება გახდეს შავი ზღვის რეგიონში დისლოცირებული სამხედრო საზღვაო ძალებისთვის, რასაც რუსეთი გამოიყენებს საკუთარი შესაძლებლობების გასაზრდელად. მე მივიჩნევ, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება კარგის მომტანი თურქეთისთვის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის. ასე რომ, დავეთანხმები გადამდგარ ადმირალებს. მონტროს კონვენციის გამო რუსეთს ყოველთვის აქვს სამხედრო უპირატესობა შავ ზღვაში, მაგრამ უფრო ფართოდ თუ შევხედავთ საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა შეინარჩუნოს საერთაშორისოდ შეთანხმებული კონტროლი სრუტეებზე. ჩვენ უნდა მოვიძიოთ სხვა გზები, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის სამხედრო საზღვაო შესაძლებლობებს. ეს უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის შესაძლებლობების გაზრდით, არამედ უფრო მეტი უპილოტო სისტემის დანერგვით და მეტი თანამშრომლობით. მეორე მხრივ, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ პრეზიდენტი კრიტიკულად განწყობილ ყველა ადამიანს აპატირებს. თურქეთში უნდა ყოფილიყო ლიბერალური დემოკრატიული საზოგადოება. ახლა თურქეთი ნომერ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ყველაზე ცუდად ეპყრობიან ჟურნალისტებს. ნატო-ს წევრი სახელმწიფოსთვის ეს მიუღებელია. გადამდგარი ადმირალების დაკავება, რომლებმაც უბრალოდ კრიტიკა გამოთქვეს თურქეთის მიერ მონტროს კონვენციიდან შესაძლო გასვლის გამო, ცუდი ნაბიჯია. რაც შეეხება თავად სტამბოლის არხს, ვფიქრობ, ის არ შეუქმნის საფრთხეს მონტროს კონვენციას, რადგან ახალი არხის გაჭრის შემთხვევაში გეგმები მაინც მარმარილოს ზღვაში შევლენ და მაინც მოუწევთ დარდანელის სრუტის გავლა. საერთო ჯამში, ვიტყვი, რომ აშშ-მა გრძელვადიან პერიოდში უნდა შეძლოს თურქეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარება.

– და ბოლოს, თუ შეგიძლიათ, გვითხარით უფრო მეტი სტამბოლის არხის შესახებ. როგორც ფიქრობთ, ახალ არხში მხოლოდ კომერციული ხომალდები გაივლიან?

ნამდვილად არ ვიცი, როგორ გააკონტროლებს თურქეთი საზღვაო მიმოსვლას. სამხედრო გემები გაივლიან ბოსფორის სრუტეში და კომერციული გემები – სტამბოლის ახალ არხში, თუ პირიქით. ჩემი აზრით, ახალი არხის გაჭრის მიზეზი შესაძლოა, იყოს ბოსფორის სრუტეზე ზეწოლის შემსუბუქება. თუმცა, ზუსტი მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. როგორც ვიცი, სტამბოლის არხში დიდი ინვესტიციები დააბანდეს ახლო აღმოსავლეთიდან, იქ იქნება იახტები და ამ არხის გასწვრივ იგეგმება ფეშენებელური უბნის მოწყობა. ეს თურქეთის სუვერენული უფლებაა, თუმცა საბოლოოდ ორივე ეს არხი შედის მარმარილოს ზღვაში და ხომალდებმა უნდა გაიარონ დარდანელის სრუტე.