ბენ ჰოჯესი - რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს
ბენ ჰოჯესი - რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს

„ამერიკის ხმა“ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურთან, გენერალ ბენ ჰოჯესთან ინტერვიუს აქვეყნებს სახელწოდებით, „რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს“.

როგორც ბენ ჰოჯესმა განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომი კარგი შესაძლებლობაა, რათა რუსეთის რეალური სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე სუსტი და უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მსოფლიოს აქამდე ჰქონდა წარმოდგენილი.

ამასთან, როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ბენ ჰოჯესს მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რის შემდეგად „საბოლოო დეკოლონიზაცია დაჩქარდება“. გენერალი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს და საქართველო ამ შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე სხვა ადგილებში, რასაც ჩვენ ჰორიზონტალურ ესკალაციას ვუწოდებთ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ გაურთულდეს საქმის სხვაგან კეთება, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სამხედრო მეთოდებით. მათ შორის ის, რომ ირანული დრონები იქ ვერასდროს ჩავიდეს“, – აღნიშნა ჰოჯესმა.

ამასთან, კითხვაზე, სხვა ადგილებში რას გულისხმობს, გულისხმობს თუ არა სირიას, ბენ ჰოჯესმა განაცხადა:

„დიახ, მაგალითად, ბაზას ტარტუსში. ჩემთვის ზეწოლის წერტილების სიაში პირველია. იქ შეიძლება გემებზე კარანტინი ან სხვა სახის მოქმედებები იმისთვის, რომ რუსებმა ეს ბაზა ვერ გამოიყენონ. ამასთან, თუ მათ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება“, – აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

კითხვაზე, „თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარის ნაწილების გაყვანა საქართველოს სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ცალმხრივი ვალდებულება აქვს აღებული ძალის არგამოყენების შესახებ. შესაბამისად, მთავრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო გზის გამოყენებას გამორიცხავს. თქვენი აზრით, რამდენად კარგი იდეაა საქართველოსთვის ამ ვითარებაში სამხედრო თვალსაზრისით აქტიურობა და რუსეთის რეაქციის გამოცდა? ვგულისხმობ წვრთნებზე შესაძლო რეაგირებას, ეს სავარაუდოდ პროვოკაციად იქნება აღქმული“, გენერალმა განაცხადა:

„გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი, მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.

საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია, არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, როგორ შეიძლება, გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.