ბენ ჰოჯესი - ბევრი კარგი ელჩი გვყავდა საქართველოში, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ უფრო ფართო, რეგიონზე გათვლილი სტრატეგიის მხარდაჭერა, ჩემი აზრით, ეს გამოსწორდება
კავკასია კრიტიკულად მნიშვნელოვანია და აშშ, როგორც იქნა, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს კავკასიას სტრატეგიულ დონზე, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად შეძლებენ ცენტრალური აზიის რესპუბლიკები რუსეთის გავლენის დაძლევას, ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ უკვე ნათელია, ცენტრალური აზიის ბევრი ლიდერი, სახელმწიფო და ბიზნესიც ცდილობს, დაეხსნას რუსეთს.
„ისინი აცნობიერებენ, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას მათთვის სარგებელი არ მოაქვს. მილსადენები, ტელეკომუნიკაციები, სავაჭრო გზები, რომლებიც გვერდს აუვლიან რუსეთს, ესაა წინ მიმავალი გზა. სწორედ ამიტომ კავკასია კრიტიკულად მნიშვნელოვანია და აშშ, როგორც იქნა, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს კავკასიას სტრატეგიულ დონზე. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ელჩი გვყავდა საქართველოში, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ უფრო ფართო, რეგიონზე გათვლილი სტრატეგიის მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ეს გამოსწორდება. როდესაც ვფიქრობ სამ დერეფანზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ვაცნობიერებ, რომ ერთი გადის რუსეთზე, მეორე – კავკასიაზე და მესამე – ირანზე. ადვილი გამოსაცნობია, თუ რომელი მათგანია სასურველი. ასე რომ, საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, – აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობა და რომ რუსეთის ფლოტი არ იყოს დომინანტი შავ ზღვაში და არ შეაფერხოს ნაოსნობა.
„ასევე, აშშ-ს დასჭირდება ურთიერთობების გამოსწორება თურქეთთან. ეს ბევრ მუშაობას მოითხოვს. თურქეთს ეს ზუსტად ისე უნდა სურდეს, როგორც ჩვენ. თურქეთს აქვს რეალური შანსი, მიიღოს სარგებელი ამ გაუმჯობესებული დერეფნისგან, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს. სარგებელს მიიღებს მთელი მსოფლიო. მაგალითისთვის, გაცილებით მარტივი იქნება უკრაინიდან მარცვლეულის გადაზიდვა აფრიკაში, აზიასა და შუა აღმოსავლეთში. ამით მილიონობით ადამიანი ისარგებლებს. დაბოლოს, დღეს ბევრი საუბრობს რუსეთისა და ირანის სატრანსპორტო ქსელზე, რომლის შექმნაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რათა რუსეთმაც და ირანმაც თავი აარიდონ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას, აზოვის ზღვას, მდინარეებს – დონსა და ვოლგას, კასპიის ზღვას, ქვემოთ – ირანსა და ინდოეთის ოკეანეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სანქციებისა და საერთაშორისო კანონის დარღვევას სათანადო პასუხი მოჰყვეს და ეს საკითხიც გადაიჭრება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.