ბელიაშვილის ქუჩაზე 14 აპრილის ამხანაგურ მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს
ბელიაშვილის ქუჩაზე 14 აპრილის ამხანაგურ მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მერიაში დაუდასტურეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი 14 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება.

„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18:00 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

თბილისის მერი კახა კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით დღეს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. „ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს”,  – განაცხადა კახა კალაძემ ბელიაშვილის ინციდენტთან დაკავშირებით.

8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ  ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.