ბელგრადში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე საკოორდინაციო მექანიზმის მე-14 შეხვედრა გაიმართა
ბელგრადში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-14 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია, აფხაზეთში 1992-1993 წლებში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა, – ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.
„ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 520 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 215-ია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის ყველა მონაწილის ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით.
შეხვედრაზე, გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფელის გარკვევაში მიღწეული შედეგების გარდა, ყურადღება გამახვილდა სამარხების შესახებ შემდგომი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი მოძიებისა და დამატებითი ადამიანების იდენტიფიცირების პროცესს. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში დღემდე 1941 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას.
მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და, შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი.
აფხაზეთში 1992-1993 წლებში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. მონაწილეთა შორის არსებული სრულიად ჰუმანიტარული დიალოგი და საკოორდინაციო მექანიზმში მათი მუდმივი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენისთვის. გარდა დიალოგისა, მოძიებისა და ამოცნობის, ასევე ოჯახების მხარდაჭერის პროცესში ყველა მონაწილის აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროცესის შემდგომი ეფექტურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია სახელმწიფო აპარატის ინფორმაციაში.