ბელგრადში პრეზიდენტის, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ბელგრადში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე.
დემონსტრანტები სერბეთში მომხდარი მასობრივი სროლის ორი შემთხვევის შემდეგ პრეზიდენტის, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების გადადგომას მოითხოვდნენ.
საპროტესტო აქცია ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული. ხელისუფლების ოპონენტთა მტკიცებით, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობამ ვერ შეძლო მედიაში ძალადობის პროპაგანდის აღკვეთა და კრიმინალის წინააღმდეგ სათანადო მოქმედება.
დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავ გასიჩისა და სერბეთის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს.
ეს მიმდინარე თვის განმავლობაში სერბეთში ძალადობის წინააღმდეგ გამართული მესამე ხალხმრავალი დემონსტრაციაა. მთავრობა ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და ოპონენტებს საპროტესტო აქციების პოლიტიკური მიზნებისთვის ორგანიზებაში სდებს ბრალს
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა, რასაც ცხრა მოსწავლე და დაცვის ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა. ორ დღეში დედაქალაქის მახლობლად მდებარე სოფელში 21 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რვა ადამიანი მოკლა. მომხდარი შემთხვევების შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყანაში იარაღზე კონტროლი გაამკაცრა.