ბელგრადში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე ძალადობის წინააღმდეგ
ბელგრადში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე ძალადობის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეები უსაფრთხოების გაძლიერებას, ტელევიზიებში ძალადობრივი კონტენტის აკრძალვას და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. დემონსტრაცია მას შემდეგ გაიმართა, რაც გასულ კვირას სერბეთში მომხდარი მასობრივი სროლის ორი შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
„სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – ასეთი იყო ბელგრადში გამართული ხალხმრავალი დემონსტრაციის ლოზუნგი. დედაქალაქის გარდა, ანალოგიური აქციები გაიმართა სერბეთის სხვა ქალაქებშიც.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის გადადგომას და ელექტრონული მედიის მარეგულირებელი კომიტეტის დათხოვნას. ისინი მედიას ძალადობრივი კონტენტის პოპულარიზაციაში ადანაშაულებენ.
გასულ კვირას ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ მამის კუთვნილი ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა. ორი დღის შემდეგ დედაქალაქის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში 21 წლის მამაკაცმა ავტომატიდან გახსნა ცეცხლი, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარის შემდეგ პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა იარაღზე კონტროლის გასამკაცრებლად და სკოლებში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ზომები გამოაცხადა. კვირას თანამდებობიდან გადადგა განათლების მინისტრი ბრანკო რუზიჩი.
ამასთან, დღეიდან სერბეთში გამოცხადდა ამნისტია უკანონო იარაღთან დაკავშირებით. იმ მოქალაქეებს, რომლებიც არალეგალურად ფლობენ ცეცხლსასროლ იარაღს, მისი პოლიციისთვის ჩაბარების შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. პოლიციაში აცხადებენ, რომ პირველ დღეს ჩაბარდა 1 500-ზე მეტი ერთეული იარაღი.