სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
დემონსტრანტებმა მთავრობა სიძულვილის გარღვევების პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულეს.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის რეზიდენციასთან და სერბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია RTS-ის შენობასთან. დემონსტრანტები ასევე მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია ცალმხრივად აშუქებს მთავრობის საქმიანობას.
საპროტესტო მსვლელობას წინ უძღოდნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვუკ იერემიჩი და ბელგრადის ყოფილი მერი დრაგან ჯილასი.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელგრადში 8 დეკემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაუდგენელი პირები სერბეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კრუშევაცში „მემარცხენე პარტიის“ ლიდერს ოპოზიციონერ ბორკო სტეფანოვიჩს თავს დაესხნენ და რკინის კეტით სცემეს.
თავდასხმის შედეგად პოლიტიკოსმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა კი თავდასხმა დაგმო, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ვუჩიჩი თავისი რიტორიკით ქვეყანაში შეუწყნარებლობის გარემოს ქმნის. ამას გარდა, ოპოზიციონერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსზე თავდასხმის უკან მმართველი „სერბეთის პროგრესიული პარტია“ დგას.
ბელგრადში მორიგი საპროტესტო გამოსვლა 2019 წლის 16 იანვარს, კოსოვოელი სერბების ლიდერის ოლივერ ივანოვიჩის მკვლელობის წლისთავზეა დაგეგმილი.