ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის „გაწმენდა“ გრძელდება
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის „გაწმენდა“ გრძელდება. ამის შესახებ მან ტელეგრამარხში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში დაბრუნებისგან ჯერ თავი შეიკავონ.
„გრძელდება ტერიტორიის გაწმენდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად. მივმართავ გრაივორონის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებმაც დროებით დატოვეს თავიანთი სახლები, დაბრუნება ჯერ არ ღირს“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
ბელგოროდის ოლქში გუშინ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონის ტერიტორიაზე შევიდა „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“.
უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.
ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისგან ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ.