ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა
რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. შესაბამისი ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა თავის ტელეგრამარხზე გაავრცელა.
„მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბელგოროდის ოლქში დღეიდან კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს“, – წერს გლადკოვი.
აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებას, იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას, სადაც გამოიყენება ასაფეთქებელი, რადიაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური საშიში ნივთიერებები.
მანამდე რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ცნობები, რომ დივერსიულმა ჯგუფებმა ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის პოლიციის განყოფილება დაიკავეს და რუსული პოლიციის ფორმებითა და მანქანებით გადაადგილდებიან ქალაქ ბელგოროდისკენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.