ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი ჰოსპიტალიზებულია
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ოლქის დაბომბვის შედეგად შებეკინოს რაიონში დაღუპულია ორი ქალი, ასევე ჰოსპიტალიზებულია ორი მამაკაცი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, ჭურვის ნამსხვრევები ავტომობილებს მოხვდა.
გლადოკოვის თქმით, ასევე დაბომბილია ვოლოკონოვსკის და ვალუისკის რაიონები, რის შედეგადაც დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ობიექტები.
ამის პარალელურად, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ ტელეგრამარხში იტყობინება, რომ მისი მებრძოლები ბელგოროდის ოლქში შეჭრას განაგრძობენ. ლეგიონის წევრების მტკიცებით, რუსეთის ძალები არტილერიიდან უხსნიან ცეცხლს იმ რაიონებს, სადაც აღმოჩენილია პარტიზანი მებრძოლები. „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ ცნობით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს „რენოს“ მარკის ავტომობილს სამოქალაქო პირებით, რის შედეგადაც ორი ადამიანია დაღუპული.