გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის თასის ფინალს გამოტოვებს – ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
ბელგიის თასის ფინალი პირველ მაისს გაიმართება. „გენტი“ ბრიუსელის „კინგ ბოდუენის“ სტადიონზე „მეხელენს“ დაუპირისპირდება. ქართველის კლუბი აქამდე ავრცელებდა ცნობებს, რომ ჩაკვეტაძე თავს კარგად გრძნობდა და რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯეს ტორუპი მას ფინალისთვის ამზადებდა, მაგრამ ეს ბლეფი აღმოჩნდა. ჩაკვეტაძემ დეკემბერში მუხლი დაიზიანა, ტრავმის მკურნალობამ დრო წაართვა და მოედანზე დაბრუნება ორჯერ სცადა – იანვარსა და აპრილში, მაგრამ ორივეჯერ ტკივილი იგრძნო და საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპერაცია სჭირდება.
hln.be-ის ცნობით, „გენტის“ 19 წლის ქართველი ლეგიონერი ოპერაციას მაისის დასაწყისში გაიკეთებს, გუნდს ვერც ფინალში დაეხმარება და გიბრალტართან და დანიასთან შეხვედრებში ვერც საქართველოს ნაკრების ფორმით ითამაშებს.