ბელგიის ყოფილი პრემიერი ბრიტანელ პარლამენტარს - ბელგია ქვეყანა არ არის? ამას მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახავთ
ბელგიის ყოფილი პრემიერი ბრიტანელ პარლამენტარს - ბელგია ქვეყანა არ არის? ამას მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახავთ

ძველმა მოწინააღმდეგეებმა, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის ლიდერმა, გი ვერჰოფშტადტმა და ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა ვერბალური ომის ახალი ფრონტი გახსნეს.

ფარაჯმა მკვეთრი განცხადებები იმ დროს გააკეთა, როდესაც ბელგიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირზე საუბრობდა.

„სიმართლე ისაა, რომ არსებობს ბელგიის ორი ნაწილი. ისინი განსხვავებულ ენებზე საუბრობენ და ვერ იტანენ ერთმანეთს. არ არის ეროვნული ტელეარხი და ეროვნული გაზეთი. ბელგია ერი არ არის და შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოაწერეთ ხელი სიხარულით უფრო მაღალ ევროპულ დონეზე“, – განაცხადა ფარაჯმა.

ფარაჯის განცხადებებს ევროფილმა, გი ვერჰოფშტადტმა სოციალური ქსელით უპასუხა და ხაზი გაუსვა ჭორს, რომ ფარაჯი, რომელსაც გერმანელი ცოლი ჰყავს, გერმანიის მოქალაქეობის მიღებას განიხილავდა.

„ნაიჯელ ფარაჯმა თქვა, რომ ბელგია არ არის რეალური ქვეყანა. ის ნახავს, როგორია რეალური ბელგია, როდესაც მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. მაგრამ, შესაძლოა, ის კვლავ ცდილობს გერმანიის მოქალაქეობის მიღებას“, – დაწერა ვერჰოფშტადტმა.

ინგლისი-ბელგიის მატჩი მსოფლიო თასზე 28 ივნისს გაიმართება.