„ვაშინგტონ პოსტი“ – ირანმა აშშ-ის ძალებზე იერიშებისთვის „სტარლინკი“ გამოიყენა

10:58, 29.11.2026

ირანმა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებისთვის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტსერვისი „სტარლინკი“ გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანიის პირველივე კვირაში მსგავსი, სულ მცირე, ორი შემთხვევა დაფიქსირდა. არასანქცირებული წვდომის გამოყენებით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ კოორდინაციას უწევდა საკუთარ ქვედანაყოფებს და მართავდა მოიერიშე დრონებს, რომლებითაც რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს უტევდნენ.

სტატიის მიხედვით, მომხდარის შესახებ სპეციალური მოხსენება აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს წარედგინა. თუმცა სააგენტო „როიტერთან“ კომენტარში პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი დოკუმენტის არსებობის შესახებ ცნობილი არ არის.

წყაროების ინფორმაციით, SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი განრისხდა, როდესაც შეიტყო, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგე მხარე მის ტექნოლოგიას იყენებდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა „სტარლინკის“ ტერმინალები ირანელი სამხედროების ხელში, თუმცა მოწყობილობები ქვეყანაში არალეგალურად შეჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარში, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ინტერნეტის გათიშვის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მასკს მომიტინგეების დახმარებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც SpaceX-მა ირანში სერვისი უფასოდ გახადა ხელმისაწვდომი.

მსგავსი