შვეიცარიაში იარაღის ექსპორტის წესების შემსუბუქებაზე რეფერენდუმი იმართება

11:05, 29.11.2026

შვეიცარიაში იარაღის ექსპორტის წესების შემსუბუქებაზე რეფერენდუმი იმართება. საკითხი ქვეყნის ტრადიციულ ნეიტრალიტეტსა და თავდაცვის ინდუსტრიის მომავალს ეხება. შვეიცარია 1907 წლის ჰააგის კონვენციებით გათვალისწინებულ ნეიტრალიტეტს იცავს, რაც მას კონფლიქტებში მონაწილეობასა და რომელიმე მხარისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას უკრძალავს.

აღნიშნული პოლიტიკა განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოექცა, როდესაც ბერნმა ევროპულ ქვეყნებს კიევისთვის ადრე შეძენილი შვეიცარიული საბრძოლო მასალისა და ტექნიკის გადაცემა აუკრძალა. შედეგად, 2023 და 2024 წლებში შვეიცარიული იარაღის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, რამაც ადგილობრივი სამხედრო მრეწველობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია. გასულ წელს შვეიცარიის პარლამენტმა შეზღუდვების შემსუბუქებას დაუჭირა მხარი, რასაც მოწინააღმდეგეების მხრიდან რეფერენდუმის მოთხოვნა მოჰყვა.

მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის მიხედვით, ბერნს უფლება ექნება, იარაღი 36 დასავლურ ქვეყანას მიაწოდოს მაშინაც კი, თუ ისინი კონფლიქტებში არიან ჩართულნი. გარდა ამისა, გაუქმდება პირობა, რომელიც მყიდველ ქვეყნებს შეძენილი შეიარაღების რეექსპორტისთვის შვეიცარიის ნებართვის მიღებას ავალდებულებს. თუმცა ცვლილებები არ შეეხება უკრაინას, კიევისთვის შვეიცარიული იარაღის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მიწოდება კვლავ აკრძალული დარჩება.

ინიციატივის მომხრეები აცხადებენ, რომ ცვლილებები აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო ინდუსტრიის გადასარჩენად. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმაც აღნიშნა, რომ, შეზღუდვების შენარჩუნების შემთხვევაში, სამომავლო ინდუსტრიული თანამშრომლობის შესაძლებლობები შემცირდება. მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ რეგულაციების შერბილება შვეიცარიის ნეიტრალიტეტს ძირს გამოუთხრის და გაზრდის რისკს, რომ შვეიცარიული იარაღი სამოქალაქო ომებში აღმოჩნდეს.

კენჭისყრის წინ ჩატარებული Tamedia-ს გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა ხმები თითქმის თანაბრად იყოფა: შეზღუდვების შემსუბუქებას გამოკითხულთა 49% უჭერს მხარს, ხოლო 48% წინააღმდეგია.

მსგავსი