ბელგიის ტერაქტისას გადარჩენილები ფულადი კომპენსაციის მიღებას დღემდე ელოდებიან
2016 წლის 22 მარტს, ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გადარჩენილი პირები დღემდე ფულადი კომპენსაციის მიღებას ელოდებიან. დაზარალებულის სტატუსი 2000 ადამიანს 2017 წლის 28 ნოემბერს მიენიჭა. მათ შესაბამისმა ორგანოებმა სტატუსის შესახებ ახალი ამბავი წერილობით შეატყობინეს, თუმცა წერილში ფულადი კომპენსაციის შესახებ არაფერია ნათქვამი.
როგორც ადვოკატი ფრანკ დისცეპოლი აცხადებს, მინიჭებული სტატუსით ტერორისტული აქტის დროს დაზარალებული ადამიანები ომის დროს დაზარალებულებთან არიან გათანაბრებული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლის ბოლომდე პენსიას და 2016 წლის 22 მარტიდან დღემდე მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
ადვოკატი ამბობს, რომ დაზარალებულებად ითვლებიან ტერაქტის დროს დაჭრილები, დაღუპულთა ოჯახების წევრები და აეროპორტსა და მეტროში მყოფი ადამიანები. ის პირებიც, რომლებსაც სხეულის დაზიანება არ მიუღიათ, მაგრამ 2016 წლის 22 მარტს ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს და დღესაც ესაჭიროებათ ექიმის დახმარება. პენსიისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების გარდა, თითოეული დაზარალებული კომპენსაციის სახით 125 000 ევროს ელოდება.
2016 წლის 22 მარტის ბრიუსელისა და ზავენტემის ტერორისტულ აქტებს სპეციალური საპარლამენტო კომიტეტი იძიებს. მომხდარის გამო, კომიტეტმა ახალი რეკომენდაციები მიიღო. პარლამენტარები ამბობენ, რომ ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის მიუხედავად, ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზა დახვეწილი არ იყო.
ახალი რეკომენდაციების მიხედვით, მთავრობა ვალდებულია, რომ დაზარალებულებს სტატუსი უმოკლეს ვადებში მიანიჭოს, დროულად გაეწიოთ ფინანსური და ინდივიდუალური დახმარება, მოხდეს მკურნალობისთვის საჭირო თანხების ანაზღაურება. რეკომენდაციები ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაცემის დროს, ბელგიის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ თანაბარ მიდგომას, დაჭრილთა ოჯახის წევრების მგზავრობისა და ბელგიაში ყოფნის პერიოდში სასტუმროს ხარჯების დაფარვას.
კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ ახალი რეკომენდაციები 2016 წლის 22 მარტს ტერაქტის დროს დაზარალებულებზე ვერ გავრცელდება.
2016 წლის 22 მარტს ბელგიის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტს 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაიჭრა 324 ადამიანი.