ბელგიის სასამართლო კატალონიის ყოფილი ლიდერის საქმეს დღეს განიხილავს. კარლეს პუიჩდემონის ადვოკატები დღეს ბელგიელი გამომძიებელი-მოსამართლის გადაწყვეტილებას ექსტრადიციის საკითხზე ელოდებიან.
დღეს გახდება ცნობილი, ბელგიური მხარე გაითვალისწინებს თუ არა ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს, დააკმაყოფილებს თუ არა ესპანეთის სასამართლოს მოთხოვნას და დაიწყება თუ არა საჭირო პროცედურების განხორციელება პუიჩდემონის მადრიდისთვის გადასაცემად.
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის გარდა, დღევანდელ გადაწყვეტილებას მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი ელოდება. ადვოკატების ინფორმაციით, კარლეს პუიჩდემონი და მისი თანამებრძოლები სასამართლო პროცესს დაესწრებიან.
პროცესი დახურულია და მედიას სხდომის შედეგებს იურისტები გააცნობენ. დღის მეორე ნახევარში, განმარტებას ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე პროკურატურის წარმომადგენელიც გააკეთებს.
გასულ თვეს ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა ესპანურ მხარეს საგანგებო წერილით მიმართა. ბელგიურმა მხარემ მოითხოვა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რა პირობებში მოუწევს ყოფნა კარლეს პუიჩდემონს, თუ ბელგია მის მადრიდისთვის გადაცემას გადაწყვეტს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბელგიიდან ესპანეთში გაგზავნილ წერილში 14 კითხვა იყო დასმული და მათ შესაბამის ორგანოებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
სამინისტროს ცნობით, კითხვები ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებს, ჰიგიენას, საკვებს და უსაფრთხოების ზომებს. ესპანეთის შინაგან საქმეთა უწყებამ ბელგიურ მხარეს განუმარტა, რომ პუიჩდემონის გადაყვანა ესტრემერას ციხეში იგეგმება, რომელიც მადრიდიდან 73 კილომეტრში მდებარეობს.
დაწესებულებაში კატალონიის ყოფილ ლიდერის საკანს ექნება საკუთარი საპირფარეშო, აბაზანა, სამზარეულო და პუიჩდემონს უფლება აქვს, საკანში მის ერთ-ერთ თანამებრძოლთან ერთად იყოს.
„ჩვენ ინფორმაცია ბელგიას გადავეცით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რამდენად აუცილებელია კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრების მადრიდისთვის გადმოცემა. გავეცით პასუხი ბელგიური მხარის ყველა კითხვას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ესპანეთში კანონის უზენაესობა დაცულია და ესპანეთს ვერავინ ასწავლის, თუ როდის და როგორ იმოქმედოს”,-განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხუან იგნასიო ზოიდომ.
პუიჩდემონის საქმემ ბრიუსელსა და მადრიდს შორის ურთიერთობა კრიზისის პირველივე დღიდან დაძაბა. ბელგიის ხელისუფლება იყო პირველი, ვინც ესპანეთის მთავრობა რეფერენდუმის დღეს ძალის გამოყენების გამო გააკრიტიკა. ბელგია იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი, რომლის მთავრობის წარმომადგენელმაც კარლეს პუიჩდემონისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა არ გამორიცხა და მიგრაციის მინისტრის განცხადების გაკეთების შემდეგ, პუიჩდემონმა კატალონია დატოვა და ბრიუსელში გაფრინდა.
„ბელგიის ხელისუფლება ექსტრადიციის საქმეში არ ჩაერევა. ეს დამოუკიდებელი სასამართლოს გადასაწყვეტია და ველოდებით მათ არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას”,-განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
კატალონიის ყოფილი ლიდერის ბრიუსელში გადასვლის შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი მის ესპანელ კოლეგას შვედეთში შეხვდა. ბელგიის მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრემიერებს შორის შედგა კონსტრუქციული საუბარი და კატალონიის კრიზისი ან პუიჩდემონის საქმე მათ დეტალურად არ განუხილავთ.
პირველი სასამართლო პროცესი ბრიუსელში 17 ნოემბერს გაიმართა, სადაც ბელგიელმა პროკურორმა დაკავების ორდერის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვეტილება არ გამოიტანა და პროცესი 4 დეკემბრისთვის გადადო.
ესპანეთში კარლეს პუიჩდემონისა და ოთხი ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვა, დაუმორჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედებათ ბრალად.
კატალონიის მომავალს საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არჩევნების დასრულებამდე ბელგიაში დარჩენას აპირებს კარლეს პუიჩდემონი.
„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ბელგიის სასამართლომ, ჩემი გათვლებით, პროცესი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება“,- აცხადებს კატალონიის ყოფილი ლიდერის უფლებების დამცველი.